მარნეულში საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მოკრივეები გამოვლინდნენ

ქალაქ მარნეულში, მდებარე “ათა ჰოლდინგის” სპორტულ დარბაზში, საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი კრივში, დრამატული, საინტერესო ფინალური შეხვედრებით დასრულდა. ქვეყნის საუკეთესო მოკრივის ტიტულის მოსაპოვებლად, 10 სხვადასხვა წონაში, ქვეყნით თითქმის ყველა რეგიონის წარმომადგენელი გამოდიოდა.

მთლიანობაში, 5 დღიანმა ჩემპიონატმა, მარნეულში, ასზე მეტ მოკრივეს მოუყარა თავი. პირველობამ, როგორც სპორტული, ასევე საორგანიზაციო კუთხით, მაღალ დონეზე ჩაიარა და გულშემატკივრებით სავსე დარბაზში, გამარჯვებულებიც დამსახურებულ ბრძოლებში გამოვლინდნენ.

49 კილოგრამ წონითი კატეგორიის ჩემპიონი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, გასული წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალიტსტი სახილ ალახვერდოვი გახდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, თბილისელმა მოკრივემ ჭიათურელ, ნიკა გაფრინდაშვილს აჯობა.

52 კილოგრამში, ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, გორელმა გუჯა მექვაბიშვილმა მოიპოვა, მეორეზე კი ზუგდიდელი ლექსო ხასაია გავიდა. გორელი მოკრივე გახდა, ჩემპიონი 56 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. ოქროს მედლისთვის აქ, გია თოთლაძემ, თბილისელი ალიკა ყიფიანი დაამარცხა.

60 კილოგრამში, პირველობა არავისდაუთმო, მარნეულელმა ოთარ ნავერიანმა, რომელიც გასულ წელს56 კილოში ასპარეზობდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად, ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტულსაც ფლობდა. ოთარს ფინალში რუსთაველმა გიორგი კაპანაძემ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა აშკარა ფავორიტთან ბრძოლაში, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

64 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩემპიონის ტიტული ფოთელმა ბადრი ხუციშვილმა დაისაკუთრა, რომელმაც ფინალში თბილისელი გურამ კორძახიას აჯობა.

69 კილოგრამ წონითი კატეგორიის ტურნირში, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, თბილისელი საიფისლამ მადიევი გავიდა, მეორეზე კი გორელი ზურაბ მენაბდიშვილი.

75 კილოგრამის ფინალში, დედაქალაქური დერბი შედგა, რომელშიც თემურ ქიმაძემ, ზაზა მახათაძეს მოუგო.

81 კილოგრამში, ოქროსათვის გადამწყვეტი დუელი ვერ შედგა, ერთერთი ფინალისტის, ფოთელი გიორგი კაჭარავას ტრავმის გამო და შესაბამისად ამ წონაში გამარჯვებულად მისი მეტოქე, გორელი ილია მწარიაშვილი გამოცხადდა.

ანალოგიური მოხდა 91 კილოშიც და აქ ოქროს მედალი უბრძოლველად, ახალქალაქელ არტიომ იორდანიანს გადაეცა, ვერცხლი კი ტრავმირებულ ქუთაისელ ზაზა თათელაშვილს.

ერთადერთი ფინალური ბრძოლა, რომელიც პირველივე რაუნდში შეწყდა, მძიმე წონაში შედგა. ერედველმა ვალიკო მემარნიშვილმა, თეთრიწყარიელი დევი აფციაური აშკარა უპირატესობით დაამარცხა და პირველი ადგილიც დაისაკუთრა.

შეჯიბრებას, კრივის ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, მარნეულის დეპუტატები, მუნიციპალიტეტის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, რომლმებმაც მონაწილეობა დაჯილდოვების ცერემონიალშიც მიიღეს.

მსგავსი სიახლეები