კანადელების სუპერგიგანტი

 სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა - ვაჟთა სუპერგიგანტში. და ისევე, როგორც წინა დღეს ქალებს შორის, ახლაც, მოულოდნელი ჩემპიონი მივიღეთ.

35 წლის კანადელ ერიკ გუეის ადრეც მოუგია მსოფლიოს ჩემპიონატი სუპერგიგანტში, კერძოდ, 2011 წელს, მაგრამ, ამ სეზონში მას მხოლოდ ერთი პოდიუმი ჰქონდა მსოფლიოს თასის ეტაპებზე და ამიტომაც არის ეს შედეგი მოულოდნელობა.

გუეის მძლავრი სტარტი გამოუვიდა და ფინიშზე კიდევ უფრო მოუმატა, ამიტომაც, დისტანციის შუაში დაშვებულ მცირე შეცდომებს არ უმოქმედია მის შედეგზე. კანადელმა მთელი 45 მეასედი წამით მოუგო მთავარ ფავორიტს, ნორვეგიელ ჩეტილ იანსრუდს.

საერთოდ, გუშინდელმა სუპერგიგანტმა კანადელთა დომინირებით ჩაიარა - მესამე ადგილიც ამ ქვეყნის წარმომადგენელს ერგო: მანუელ ოსბორნ-პარადიმ სულ რაღაც 0,06 წამი წააგო იანსრუდთან და კიდევ უფრო ცოტა - 0,03 მოუგო მეოთხეადგილოსან ნორვეგიელ ალექსანდერ ომოდტ კილდეს.

სხვათა შორის, გუეი გუშინ ისტორიაში შევიდა - ის გახდა სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონი.

დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფდაშვებაში საკონტროლო ვარჯიშების დღეა. მედლების მომდევნო კომპლექტი პარასკევს გათამაშდება - ქალებს შორის სუპერკომბინაციაში.

მსგავსი სიახლეები