ხუთი ქართველი მოთხილამურე მსოფლიო ჩემპიონატზე

 შვეიცარიულ სანკტ-მორიცში სამთო-მოთხილამურეთა 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა პატრიკ ლანგმა მიიღო. გახსნის ცერემონიალისას მან ტიტულოვან მარსელ ჰირშერთან სამახსოვრო სურათი გადაიღო.

ჩემპიონატში ქართველთაგან ხუთი სპორტსმენი იასპარეზებს. სანკტ-მორიცში 12 თებერვალს ჩავა ნინო წიკლაური. 13 და 17 თებერვალს იგი საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში მოსინჯავს ძალებს და წარმატების შემთხვევაში, 16 და 18 თებერვალს ძირითად ტურნირში დაუპირისპირდება მეტოქეებს.

საქართველოს სამთო-მოთხილამურე ვაჟები - იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე, სოსო და ბესარიონ ჯაფარიძეები საკვალიფიკაციო შეჯიბრებებში 16 და 18 თებერვალს გამოვლენ, ხოლო 17 და 19 თებერვალს პაექრობები გიგანტურ სლალომსა და სლალომში გაიმართება. იმედია, ჩვენი სპორტსმენები კვალიფიკაციას წარმატებით გაივლიან და ძირითად შეჯიბრებებში გამოვლენ.

18 თებერვალს ჩვენი სათხილამურო ფედერაცია სანკტ-მორიცში საქართველოს საღამოს მოწყობას გეგმავს - ცნობილ მოთხილამურეებსა და სხვა ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები