კასპში ძალოსნობის ახალი დარბაზი იხსნება

 საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ახალ დარბაზს ხსნის. ბოლო წლებში დაწყებული სასიამოვნო და აუცილებელი ტრადიცია გრძელდება. ახალი სავარჯიშო დარბაზი კასპში გაიხსნება. კვირას, 12:00 საათზე საზეიმო ცერემონიალს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. დარბაზი კასპის მუნიციპალიტეტის დახმარებით იხსნება. ნოდარ სირბილაშვილი (თბილისის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): “კასპში ახალი დარბაზის გახსნა აუცილებელია. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ რეგიონში, მთლიანად, საქართველოში ძალოსნობის განვითარებას. ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე და გვინდა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჯანმრთელი, მოტივირებული, სპორტზე შეყვარებული ახალგაზრდა იყოს. დარბაზში თითქმის ყველაფერი მზად არის. ველოდებით კვირას და სტუმრებს“. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, დარბაზში ივარჯიშებენ ადგილობრივები და ნებისმიერი, ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნება, მწვრთნელი კი გამოცდილი სპეციალისტი გიორგი მერებაშვილი იქნება. გახსნას დაესწრება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.

მსგავსი სიახლეები