ექვსი ერის შეფი: „საქართველოსთვის ვაკანსია არ გვაქვს“

„დეილი მეილი“ კვლავ დაუბრუნდა ქართული რაგბის თემას. რაგბის შესახებ მწერალი და კერძოდ, აქტუალურად ქცეული ქართული რაგბის თემის კურატორი ჟურნალისტი კრის ფოი ექვსი ერის ხელმძღვანელობისა და სარაგბო ავტორიტეტების ბოლოდროინდელ განცხადებებს აანალიზებს. აქვე ქართული თარგმანი: „ექვსმა ერმა დაამსხვრია საქართველოს ოცნებები ამ ჩემპიონატში მოხვედრასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო რეიტინგში საქართველო იტალიაზე მაღლა დგას, ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიჰანმა რეფორმებისკენ მომრავლებული მოწოდებებისგან თავი შორს დაიჭირა.

„ეს დახურული ჩემპიონატია, რომელიც მასში მონაწილე ექვსი სარაგბო კავშირის საკუთრებაა. ეს ექვსი კავშირი აკონტროლებს ამ ტურნირს“, - თქვა ფიჰანმა, - „ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები. დღეს აბსოლუტურად კმაყოფილები ვართ იმით, რომ ჩვენს შეჯიბრებაში ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდი მონაწილეობს“.

სახელგანთქმული სპეციალისტი სერ კლაივ ვუდვორდი, ვინც 2003 წელს ინგლისის ნაკრები მსოფლიო თასის მოპოვებამდე მიიყვანა, ხოლო ამჟამად „დეილი მეილის“ სპორტული მესვეტეა, შეუერთდა იმ სარაგბო ავტორიტეტების უკვე სოლიდურ არმიას, რომლებიც ექვსი ერის გაფართოებას ან თუნდაც ამ ტურნირსა და ევროპის რაგბის ჩემპიონატს შორის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწესებას ითხოვენ. ვუდვორდმა ღიად დაუჭირა მხარი პროტესტს იმ უსამართლო სიტუაციის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრებია - „ბორჯღალოსნები“ ევროპის ბოლო 6 ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულები არიან, მაგრამ კონტინენტურ ელიტას ჯიუტად არ აკარებენ.

ჰოდა, ფიჰანმა კატეგორიულად უარყო ევროპის ჩემპიონის რამენაირი წახალისებისა და ექვსი ერის აუტსაიდერის დაქვეითების ალბათობა. ფიჰანი მტკიცე უარს ამბობს ყოველგვარ დებატებზე იტალიელთა ირლანდიასთან კატასტროფული საშინაო მარცხის (10:63) ირგვლივ. „ერთი სული გაქვთ, ვინმე წაიქცეს, რათა წიხლებით შედგეთ“, - ასეთი რამ განუცხადა ჯონ ფიჰანმა კრიტიკოსებს, რომლებიც ექვსი ერში კარდინალურ რეფორმებს მოითხოვენ.

„ნებისმიერი ცვლილებისთვის ჩაკეტილები უნდა ვიყოთ? არა, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტისთვის საჭიროა გარკვეული დრო - 10 ან 15 წელიწადი. უნდა ავირჩიოთ საუკეთესო, რაც წაადგება ჩვენს ექვს კავშირს. თითოეულმა მათგანმა უნდა დაადასტუროს, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ცვლილების მომხრეა. ხოლო სხვა გუნდებზე საუბარი დღესდღეობით ნაადრევია“, - ამბობს ფიჰანი.

ექვსი ერის სხვა გუნდებისთვის გახსნილობის საკითხის განხილვაზე უარის თქმა აბსოლუტურ დისონანსშია „მსოფლიო რაგბის“ ექსპანსიის პოლიტიკასთან, მაგრამ ფიჰანი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ რაგბის გლობალური მმართველი ორგანიზაცია ჩემპიონატის მსვლელობაში ჩარევას ვერ შეძლებს.

„მსოფლიო რაგბი“ ამ ტურნირში ვერ ჩაერევა“, - თქვა ფიჰანმა, - ისინი ექვს ერს ვერ აკონტროლებენ, ამის არანაირი უფლება აქვთ. ვერ გვიკარნახებენ, რა და როგორ ვქნათ.

„მსოფლიო რაგბის“ საქმეა ამ თამაშის განვითარება, ჩვენი საქმე კი, ექვსი ერის ჩემპიონატი ისე მოვაწყოთ, როგორც ამას საჭიროდ მივიჩნევთ. აგებენ თუ არა პასუხს ამ თამაშის განვითარებასა და გავრცელებაზე ექვს ერში გაერთიანებული რაგბის კავშირები? ალბათ, აგებენ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. სხვა სარაგბო კავშირების განვითარება ჩვენს ფუნქციებში არ შედის, მაგრამ თუკი დახმარება შეგვიძლია, ჩვენ ამას ვაკეთებთ“.

ამას წინათ ქართველთა კივი დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა ფიჰანს თბილისში სტუმრობა და იმის დაკონკრეტება შესთავაზა, თუ რა სჭირდებათ „ბორჯღალოსნებს“ ექვს ერში მონაწილეობისთვის.

ფიჰანის ასეთმა შეუვალობამ „ევროპის რაგბის“ პრეზიდენტ ოქტავიან მორარიუს მასზე ათქმევინა, ამპარტავანიაო.

„ექვს ერს ევროპული რაგბისთვის მეტი მხარდაჭერის გამოცხადებაც შეეძლო, მაგრამ ამას არ აკეთებს“, - თქვა მორარიუმ, - „ექვსი ერი ერთგვარ ელიტურ კლუბად აქციეს და ამპარტავნად გვესაუბრებიან. „ჩვენ მდიდრები ვართ! დიდი მადლობა, მაგრამ თქვენ არ გვჭირდებით“ - აბა, ეს რა პასუხია?! ეს არ შეესაბამება რაგბის ღირებულებებს. როცა ისეთი კაცი, როგორიც კლაივ ვუდვორდია, გეუბნება, რომ რაღაც შესაცვლელია, ყური უნდა დაუგდო და დაუჯერო! ექვს ერში ცვლილებების შეტანის იდეას უკვე დიდი მხარდაჭერა აქვს. ორი თუ სამი წლის წინათ მსგავსი დისკუსიები წარმოუდგენელიც კი იყო. ექვს ერში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მისმენდა, მაგრამ ახლა მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა“.

მორარიუ აღიარებს, რომ არც „ევროპის რაგბი“ და არც „მსოფლიო რაგბი“ ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს, რათა ექვს ერს გაფართოება აიძულონ. ამის ნება შიგნიდან უნდა მოდიოდეს, იქ უნდა ხედავდნენ რეალობას. რუმინელი იმედოვნებს, რომ ხანგრძლივი არაოფიციალური საუბრებით საბოლოო მიზანი მაინც იქნება მიღწეული.

„სრულად ვათვითცნობიერებ, რომ ექვსი ერი კომერციული კომპანიაა, ამდენად მის საქმეებში ვერ ჩავერევით“, - თქვა მან, - „მაგრამ თუკი ევროპული რაგბის განვითარება მართლაც გვსურს, დღევანდელ სისტემაში ეს შეუძლებელია. ექვსი ერი სრულად დომინირებს ევროპულ ბაზარზე. ექვსი ერის უზარმაზარ ჩრდილში განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ამ სეზონის შემდეგ მათ აღარ ეყოლებათ სპონსორი. დიდი კომპანიები დიდ ბაზარს ეძებენ. ევროპა კი ძალიან დიდი ბაზარია. „ევროპის რაგბიში“ შემავალი ქვეყნების მოსახლეობა ნახევარ მილიარდზე მეტია, ექვს ერში შემავალი ქვეყნებისა - სამჯერ ნაკლები. თან ეს ჩვენი მაქსიმუმი სულაც არაა“.

9 მარტს, პარიზში, „რაგბი ევროპის“ საბჭოს სხდომაზე ექვს ერში გაიგზავნება სტრუქტურული ცვლილებების ახალი ოფიციალური მოთხოვნა. რაც შეეხება „მსოფლიო რაგბის“, ეს ორგანიზაცია კვლავაც მხოლოდ აკვირდება ჩიხურ მდგომარეობას და პროგრესული აზროვნების მსუბუქი წახალისებით იფარგლება, რადგან რეფორმის უზრუნველყოფისთვის საკმარის ძალაუფლებას არ ფლობს.

„მსოფლიო რაგბის“ თავმჯდომარეს, ბილ ბომონტს ჩვენთვის ამ თემაზე უთქვამს: „ვცდილობთ, საქართველოს და მისნაირ გუნდებს მეტოქეები შევურჩიოთ - ესაა ჯილდო მათი პროგრესისთვის. მაგრამ ის ტურნირი სხვა ქვეყნების საკუთრებას წარმოადგენს. „მსოფლიო რაგბის“ იურისდიქცია ვრცელდება მსოფლიო თასზე, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატსა და შვიდკაცას მსოფლიო სერიებზე.

საქართველოს მაქსიმალურად დავეხმარეთ, როცა ამ ქვეყანას 20-წლამდელთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა დავაკისრეთ. გვსურს, თამაშის პოპულარობა გავზარდოთ და რაგბის თამაშობდნენ ბევრ ქვეყანაში და არა მხოლოდ ტრადიციულ სარაგბო ქვეყნებში. თუმცა, ექვსი ერის და სანზარის საქმეებში ვერ ჩავერევით“.

მსგავსი სიახლეები