ასიეშვილი, მჭედლიძე და ორჯერ შეყლაშვილი

გასულ კვირას ქართველმა მორაგბეებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში გერმანელებს 8 ლელო დაუდეს, ხოლო კიდევ სამმა „ბორჯღალოსანმა“ ლელოებით თავი საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გამოიჩინა.

ტოპ 14

მე-18 ტურში „ბრივის“ ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი „რასინგი“ დაალელოვა. მისი გუნდი სტუმრად, პარიზში თამაშობდა და პირველი ტაიმის შემდეგ 8:13 აგებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბრივმა“ საკუთარი ნახევრიდან, თითქმის 80-მეტრიანი იერიში განახორციელა, ასიეშვილმა ბურთი კარის წინ 5 მეტრში გაჩერებულმა მიიღო, ადგილიდან მოწყდა, მბოჭავი ხელით ჩამოიცილა და ლელო დადო. ზუსტი გარდასახვის შემდეგ სტუმრები 15:13 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ 25:33 დამარცხდნენ.

29 წლის ასიეშვილმა შეცვლაზე 24-ე წუთიდან ითამაშა და 8 მიძალებით ჯამში 17 მეტრი მოიგო, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ეს მისი მეორე ლელოა, სულ კი, ტოპ 14-ში 7 ლელო აქვს გატანილი.

„ტულონმა“ „ლიონს“ 4 ლელო დაუდო და 31:17 დაამარცხა, მაგრამ თავად ორი გაუშვა და ბონუს-ქულა ვერ მიიღო. გამარჯვებულთა შორის 58-ე წუთიდან ითამაშეს ლევან ჩილაჩავამ და მამუკა გორგოძემ. „ტულონი“ 46 ქულით საპლეიოფო მე-5 ადგილზეა.

50 ქულით მესამეა „მონპელიე“, რომელმაც მე-18 ტურში „ტულუზს“ 27:18 სძლია. მოედანზე 4 ქართველი ლეგიონერი ვიხილეთ და სამი მათგანი სასტარტო შემადგენლობაში იყო. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 65-ე წუთამდე ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო დუდუ ქუბრიაშვილი 74 წუთი გაისარჯა; თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო კონსტანტინე მიქაუტაძე. „ტულუზის“ ძირითადში იყო და 62 წუთი ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

ლიდერი კი ორია: „კლერმონმა“ ქართველების დახმარების გარეშე დაამარცხა „ბაიონი“ – 46:27, ხოლო „ლა როშელმა“ „სტად ფრანსეს“ 37:18 მოუგო და „ვულკანებივით“ 58 ქულა დააგროვა. „ლა როშელის“ მარჯვენა ბურჯად ბოლო 26 წუთი ლექსო ყაულაშვილმა ითამაშა, ხოლო პარიზელთა შორის იგივე პოზიციაშე 47-ე წუთიდან გიორგი მელიქიძე ირჯებოდა.

პრო დ2

მიმდინარე სეზონში მე-6 ლელო დადო თამაზ მჭედლიძემ. მისი „აჟენი“ „პერპინიენთან“ სტუმრად 20:37 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილამდე დაეშვა.

მჭედლიძემ პირველიდან მე-60 წუთამდე ითამაშა და თავი 32-ე წუთზე გამოიჩინა. მან ხელდახელ შეტევა გააგრძელა, სამ მცველს დაუსხლტა და გარდასახვის შემდეგ ჩამორჩენა 7 ქულამდე დავიდა, თუმცა საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სტუმართა შორის 45-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ და 51-ეზე ყვითელი ბარათით დაისაჯა.

რაც შეეხება მჭედლიძეს, რომელიც საფრანგეთში მეხუთე და „აჟენში“ მესამე სეზონს ატარებს, მან გასულ სეზონში 6 ლელო ტოპ 14-ში დადო, ახლა ერთ სეზონში გატანილი ლელოების საკუთარი რეკორდი პრო დ2-ში გაიმეორა, თუმცა სეზონის დასრულებამდე მიღწევის გასაუმჯობესებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.

ბურჯმა ბექა შეყლაშვილმა კი სულაც დუბლი შეასრულა. მისი „ალბი“ წაგებათა სერიის შემდეგ თითქოს აფეთქდა - „დაქსი“ 52:7 გაანადგურა, ხოლო 29 წლის ქართველმა მე-6 წუთზე მეტოქის 22-ის ხაზთან მიიღო ბურთი და თანაგუნდელთა შეუჩერებელ მოლს შეყვა ლელოში. 31-ეზე კი იგივე უკვე ლელოდან 5 მეტრში დაიწყო: ალბელებმა აუტი მოიგეს, მოლი ააგორეს, რომელსაც შეყლაშვილი ბურთიანად მოწყდა და მხრებით ლელომდე ოთხი მბოჭავი ათრია, რომლებმაც მისი შეჩერება მაინც ვერ მოახერხეს. მიმდინარე სეზონში შეყლაშვილმა თავი პირველად გამოიჩინა და საერთოდაც, ეს მხოლოდ მე-5 და მე-6 ლელოები იყო მის თითქმის 9-წლიან კარიერაში პრო დ2-ის კლუბებში.

მეორე ფრანგული ლიგის გასულ ტურში კიდევ ოთხმა ქართველმა ითამაშა. შალვა სუთიაშვილმა მოედანზე 80 წუთი გაატარა, ხოლო მისმა „ანგულემმა“ აუტსაიდერ „ბურგუენს“ 37:22 მოუგო; „ორიაკმა“ 8:28 წააგო „მონტობანთან“ გასვლითი მატჩი და სტუმართა შორის მარჯვენა ბურჯად ბოლო 24 წუთი ნიკოლოზ ხატიაშვილმა ითამაშა; „ვანთან“ სტუმრად 16:19 მარცხის მიუხედავად, „ოიონამ“ ლიდერობა შეინარჩუნა და მის შემადგენლობაში მეორე ტაიმი მარჯვენა ბურჯმა გიორგი ვეფხვაძემ ჩაატარა, 65-ე წუთიდან კი მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ირაკლი მირცხულავამ ითამაშა.

ინგლისის ავივა პრემიერშიპი

ჯაბა ბრეგვაძე „ვუსტერის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო „ექსეტერთან“ მატჩში. ვუსტერელებმა ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბთან 32:48 წააგეს, ხოლო ქართველმა კვაჭმა მოედანზე 55 წუთი გაატარა. „ვუსტერი“ ბოლოდან მე-2 ადგილზეა, ხოლო გასავარდნ, ბოლო ადგილზე გიორგი ნემსაძის „ბრისტოლია“, რომელმაც ლესტერში 17:50 წააგო. მოგეხსენებათ, ნემსაძე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გერმანიასთან მატჩში მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები