ახალგაზრდული ლელოთაცვენა და ცენტურიონი მეკო

„ევროპის რაგბის“ 2017 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიის ნაკრები ბელგიელებთან ერთად ტურნირის აუტსაიდერად მიიჩნეოდა. მაგრამ პირველ ტურში ალემანთა (ეს უფრო პირობითად, რადგანაც გერმანიის ნაკრების წევრთა უმრავლესობას ნატურალიზებული უცხოელები შეადგენენ) გუნდმა წარმოუდგენელი რამ ჩაიდინა - თვით რუმინეთი დაამარცხა.ჰოდა, აი, იმ სენსაციური თამაშის (41:38) შემდეგ მთელი სარაგბო თემი თავის გულშემატკივრებიანად მათ უკვე სულ სხვა თვალით უყურებდა - აქაოდა, გერმამელებმა თუ მოინდომეს, ყველაფერს შეწვდებიან, რაგბში დიდძალი ფული ჩაიდო, ნაკრები მაღალ დონეზე ათამაშდა და საქართველო ფრთხილად იყოსო.

ჰოდა, საქართველო ფრთხილად იყო საწყისი 3 წუთი, მე-3 წუთზე კი „ბორჯღალოსანთა“ ნორჩმა მგეზავმა რევაზ ჯინჭველაშვილმა ბურთი ფეხით ერთობ დაბალი ტრაექტორიით გერმანელთა 22-ისკენ გადაკიდა, მას გიორგი კოშაძე აედევნა, ორი მეურვის წინააღმდეგობას გაექცა, მშობლიური სტადიონის გაზონმაც არ უღალატა და მისგან ასხლეტილი ბურთი რუსთაველ ჭაბუკს პირდაპირ ხელებში მიუვიდა - 5:0, ხოლო მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა იოლად შეასრულა, რადგან კარის პირისპირ ურტყამდა.

მეკო ვახსენეთ და მისალოცად აქვს საქმე ჩვენს ვეტერან ფულბეკს - მსოფლიო რაგბის ისტორიაში 44-ე ცენტურიონი გახდა, ანუ 44-ე კაცია, ვინც ეროვნული ნაკრების კვართი მეასედ მოირგო. აგერ, პლანეტაზე ცენტურიონების მეხუთე ათეული ივსება, თუმცა მეკო პირველი „ბორჯღალოსანია“, ვინც ეს პატივი დაიმსახურა. შემდეგი დავით კაჭარავაა - ისიც უახლოვდება სანუკვარ ნიშნულს. თუმცა, თამაშს დავუბრუნდეთ...

გერმანელები ოდნავ გააქტიურდნენ და ქართველები დაჯარიმდნენ, სტუმრებმა კარში დარტყმა გადაწყვიტეს და ანგარიში 7:3 გახდა. მე-18 წუთზე გიორგი ფრუიძემ გაიბრწყინა და ლამაზი ლელო დადო, მეკომ კვლავ უნაკლოდ გარდასახა - 14:3. ხოლო 30-ეზე კოშაძემ მატჩისა და თავისი ჯერჯერობით ხანმოკლე სანაკრებო კარიერის მე-3 ლელო გაიტანა, რომელიც კვირიკაშვილმა ურთულესი პოზიციიდან ვირტუოზულად გარდასახა. ორიოდე წუთით ადრე გერმანელებმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმა და გატანა მოასწრეს, ამდენად ტაიმი 21:6 დასრულდა.

ეს რაც შეეხებოდა ტაიმის ანგარიშს და ჰაილაითებს. ზოგადად კი თამაში ძალზე არეულად მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ორივე მხარე ძალიან ხშირად ცდებოდა. ბურთი წინ როგორც გერმანელებს უვარდებოდათ, ისე ქართველებს. გერმანელთა ერთი ვითომ შეტევის განმუხტვისას ჯერ მეკომ დაუშვა უხეში შეცდომა, მერე სანდრო თოდუამ, მერე ვიღაცას გადაკიდებული ბურთი წუნით დაიჭირა და წინ გადააგდო, მერე კიდევ იგივე ქნა სხვა მორაგბემ... ალალად და რბილად ითქვას, კარგი საყურებელი ტაიმი არ ყოფილა. ჩოგბურთში არის ტერმინი „უნებლიე შეცდომა“, თანაც ჩოგბურთი უკონტაქტო თამაშია. მაგრამ როცა რაგბის მატჩში ბურთი იკარგება არა ორთაბრძოლაში, არა მწვავე სიტუაციაში, როცა გუნდის ბედი წყდება, არამედ აბსოლუტურად უწყინარ და მშვიდ ვითარებაში, ამის ახსნა რთულია. არადა ასეთი უნებლიე შეცდომების რაოდენობა არნახულად დიდი იყო.

ჰოდა, მილტონ ჰეიგმა შესვენებისას ეტყობა მოძებნა საჭირო სიტყვები, მოახერხა ბიჭების სათამაშოდ განწყობა და მეორე ნახევარში უკვე მობილიზებული და კონცენტრირებული გუნდი ვიხილეთ. 29 უპასუხო ქულა ყველაფრის დასტურია. მეკოსაც რომ ეყოჩაღა, 35 ქულას დავითვლიდით, მაგრამ ჩვენს ბომბარდირს სამი გარდასახვისას ქვემოქართლულმა ქარმა უმუხთლა.

მეორე ტაიმში კოკი თხილაიშვილმა და ბექა გორგაძემ 2-2 უბრწყინვალესი ლელო მიითვალეს, ხოლო კაპიტნის, მერაბ შარიქაძის სპრინტერული გაქცევა ქართველთა მე-8 ლელოთი დაგვირგვინდა, შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახვით საბოლოო წერტილი დასვა - 50:6 ცხრილში ბონუსით.

სამწუხაროდ, ახალგაზრდები დაგვიშავდნენ: გელა აფრასიძემ მხოლოდ 6 წუთი გაატარა მოედანზე და ხისტი ბოჭვის მერე ექიმებმა თამაშის გაგრძელების ნება აღარ დართეს და მოედნიდან ლამის ძალით გაიყვანეს; ბადრი ალხაზაშვილმა ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, მორიგი შერკინების შემდეგ გაზონიდან წამოდგომაც ვერ შეძლო და სტიუარდებმა საკაცით გაიყვანეს; მის ნაცვლად თამაშში ჩართულმა მეორე კვაჭმა გიორგი ჭყოიძემაც მალევე მიიღო ტრავმა, შესვენების შემდეგ მაინც გამოჩნდა მინდორზე, მაგრამ გადაადგილება ისე უჭირდა, რომ ჰეიგმა მის ნაცვლად თამაშში გიორგი თეთრაშვილი ჩართო. ეს უკანასკნელი ბურჯია, მაგრამ მეორე ნომრად თამაში საკმაოდ კარგად შეძლებია, ხოლო აუტებს ჭყოიძის გასვლის შემდეგ თხილაიშვილი აწვდიდა და უნდა ითქვას, შესაშური ოსტატობითაც...

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გერმანელებმა - მწვრთნელმაც და კაპიტანმაც - აღნიშნეს, რომ „იმ რუმინეთისა და ამ საქართველოს შედარება უხერხულია, იქ მოვიგეთ და აქ საერთოდ ვერაფერი ვქენითო“. კიდევ, კაპიტანმა შონ არმსტრონგმა გაიკვირვა, გერმანულ რაგბიში დიდძალი ფული თუ ჩაიდო, მე ის ფული არ მინახავს და ყოველივე ჭორიაო. ესეც მორიგი მითის მსხვრევა...

რაც შეეხება ქართულ მხარეს, შარიქაძემ დასწრე ჟურნალისტები დაამშვიდა, სამივე ტრავმირებული კარგადაა, ყოველ შემთხვევაში, უპრობლემოდ გადაადგილდებიან და სხვებთან ერთად ზეიმობენო. ხოლო ჰეიგმა აღნიშნა, რომ მომდევნო მატჩებზე შემადგენლობის სელექციის სტრატეგიას მოგვიანებით ჩამოაყალიბებს. „უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი“, - თქვა ქართველთა ზელანდიელმა დამრიგებელმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა თორნიკე მატარაძის თამაში, რომელმაც შერკინების პირველ ხაზში 71 წუთი მართლაც დამაჯერებლად ჩაატარა, ვიდრე რეფერი შუბური ბოჭვისთვის გააძევებდა. ჰეიგმა გორგაძეც შეაქო - ბექა უკვე სამი წელია ნაკრებშია და მატჩიდან მატჩამდე სტაბილურად უმატებსო. კოშაძემაც შთამბეჭდავად ითამაშაო, დასძინა მილტონმა.

ამასობაში, შაბათს ბელგიელებმა შინ რუსებთან 18:25 წააგეს, ხოლო რუმინეთმა ბუქარესტში ესპანეთს 13:3 აჯობა.

მსგავსი სიახლეები