ორი რუსული კლუბი ჩელენჯ ქაფზე?

მაშინ, როდესაც საქართველოს უსახსრობის გამო მესამე დონის ევროტურნირში ერთი გუნდიც ვერ გაყავს, შესაძლოა ისე მოხდეს, რომ 2017/2018 წლების ჩელენჯ ქაფზე ერთბაშად ორმა რუსულმა კლუბმა ითამაშოს.

ევროტურნირების ორგანიზატორმა EPCR-მა ჩელენჯ ქაფის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის წყვილები დაამტკიცა. დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეის“ მეტოქედ იტალიური „მოლიანო“, ხოლო ლაშა მალაღურაძის, ვალერი ცნობილაძისა და მიხეილ წიკლაურის „კრასნი იარს“ რუმინული „ტიმიშოარა-სარასენსი“ ერგო. პირველი თამაშები პირველ აპრილს გაიმართება და „ენისეი“ იტალიაში ითამაშებს, ხოლო „კრასნი იარი“ მასპინძელი იქნება. განმეორებითი შეხვედრები 22 აპრილსაა ჩანიშნული.

ზემოთნახსენები პლეი ოფების გამარჯვებულები 2017/2018 წლების ჩელენჯ ქაფის გათამაშებაში ჩაერთვებიან და დიდია შანსი იმისა, რომ წარმატებას ორივე გუნდმა მიაღწიოს. მესამე დონის ევროტურნირის ფინალი 13 მაისს ედინბურგში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია ეყოლება თუ არა რუსეთს მესამე გუნდი ევროთასებზე (თუ „ენისეი“ და „კრასნი იარი“ ჩელენჯ ქაფზე აღზევდნენ, შესარჩევ ტურნირში რუსული კლუბის ადგილი თავისუფალი იქნება).

მსგავსი სიახლეები