მეტოქეთა შესახებ: გერმანია

"ბორჯღალოსნები" 2017 წლის "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე მატჩს კვირას, 19 თებერვალს გამართავენ. მეტოქე გერმანიაა, რომელმაც პირველ ტურში რუმინეთთან ორჯერ აღმოფხვრა 18-ქულიანი ჩამორჩენა და სენსაციურად, 41:38 გაიმარჯვა.

გერმანული რაგბი საუკუნე-ნახევრისაა. ამ ქვეყანაში ოვალური ბურთით პირველად 1850 წელს ჰაიდელბერგის კოლეჯის ბრიტანელმა სტუდენტებმა ითამაშეს და 1872 წელს იქვე რაგბის სექციაც გახსნეს. პარალელურად, თამაში ჰანოვერში დანერგეს ბრიტანელმა სამხედროებმა და სექციად 1878 წელს გაფორმდნენ. პირველი, ალალად გერმანული რაგბის კლუბი 1891 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო ქვეყნის პირველი ჩემპიონი 1909 წელს გამოვლინდა.

დღესდღეობით რაგბს გერმანიის 12 მიწაზე თამაშობენ. 2014 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 125 კლუბი და 14 ათასი მოთამაშეა. შარშან ბუნდესლიგა 10-დან 16 კლუბამდე გაფართოვდა. 2015 წლიდან გერმანიის ჩემპიონი მესამე დონის ევროტურნირში – ჩელენჯის შესარჩევში – მონაწილეობს. გერმანიის რაგბის კავშირი (ფერბანდ) 1900 წელს დაარსდა. 1934 წელს იგი ფირა-ს (რაგბი ევროპა) დაარსების ერთ-ერთი მოთავე იყო, ხოლო 1988 წელს ირბ-ის (მსოფლიო რაგბი) წევრი გახდა.

გერმანული რაგბის ყველაზე დიდი მიღწევა 1900 წელს უკავშირდება – გუნდმა, საფრანგეთის კვალად, ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. არადა, შეჯიბრებაში მხოლოდ ეს ორი გუნდი მონაწილეობდა.

ნაკრებმა პირველი ტესტი 1927 წელს გამართა – პარიზში საფრანგეთთან 5:30 დამარცხდა. იმავე წელს საპასუხო მატჩი ფრანკფურტში გაიმართა და ის გერმანელების გამარჯვებით დასრულდა - 17:16. თამაშს 14 ათასი მაყურებელი დაესწრო – დღემდე ეს მაჩვენებელი საუკეთესოდ რჩება.

1927-1938 წლებში გერმანია, საფრანგეთის შემდეგ, მეორე გუნდად ითვლებოდა კონტინენტურ ევროპაში. ამ პერიოდში მან გალებთან 14 მატჩი გამართა და ორჯერ იმარჯვა. 1938 წლიდან ნაცისტურ გერმანიაში რაგბი „ბრიტანულ თამაშად“ გამოცხადდა და მის მიმართ ინტერესი განელდა, მეორე მსოფლიო ომმა კი თემი მთლად გამოხშირა.

ომის შემდეგ დასავლეთი, ფედერაციული გერმანიის ნაკრებმა პირველი თამაში 1952 წელსღა გამართა, მაგრამ ფირა-ს „ერთა თასის“ პირველ ჯგუფში ფეხის მოკიდება გაუჭირდა, კომუნისტურ აღმოსავლეთში კი არაოლიმპიური სახეობა სულს ღაფავდა. 1990 წელს ორად გაყოფილი ქვეყანაცა და მისი რაგბიც გაერთიანდნენ. 2000 წლის რეორგანიზაციის შემდეგ, გერმანია „ერთა თასის“ მეორე დონეზე მოხვდა. მაშინვე, გერმანული რაგბის საუკუნოვან იუბილეზე, ქვეყანას ცნობილი კლუბი ‘ბარბაროსები’ ეწვია.

გერმანიამ 2006-2008 წლების „ერთა თასის“ მეორე ჯგუფი მოიგო და 2009-2010 წლებში ელიტაში, საქართველოსთან ამოვიდა, მაგრამ ათივე თამაში წააგო და გავარდა.

2012-2014 წლებში გერმანელებმა კიდევ ერთხელ მოიგეს მეორე ჯგუფი. 2015 წელს მათ ელიტაში ისევ წააგეს ხუთივე თამაში და 1 ქულაღა მოიპოვეს. სამაგიეროდ, შარშან გერმანიამ პორტუგალია 50:26 დაამარცხა, ფინიშზე ესპანეთს 17:17 დაუზავდა და ქვემოთ პორტუგალია გაისტუმრა.

ესაა შედეგი პროგრამისა, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს, რაგბის კრიზისიდან გამოსაყვანად ამუშავდა. მის ფარგალში თამაშის ასაღორძინებლად 200 მილიონი ევრო გამოიყო. ჰოდა, პირველ შედეგს მალე მეორეც მოყვა - წინა ვიქ-ენდზე გერმანიამ თვით ფავორიტი რუმინეთი ძლია 51:38.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა გზები აქამდე ხუთჯერ გადაიკვეთა და ყოველ ჯერზე გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

მსგავსი სიახლეები