„აია“ დაწინაურდა, „აკადემია“ ლიდერებს დაერია

აჩი გეგენავას ფოტო ქუთაისის „აიამ“ და თბილისის „აკადემიამ“ ზედიზედ ორი თამაში მოიგეს და პირველი სატურნირო ცხრილის თავში მოექცა, ხოლო მეორე ექვსეულში დამკვიდრდა.

2016/17 წლების დიდი 10-ის გათამაშება თებერვლის პირველ უქმეებზე განახლდა და ორი ტურის შემდეგ ორკვირიან შესვენებაზე გავიდა. „აია“ ორივე ტურში უშუალო კონკურენტებს შეხვდა და ჯერ გორში „ჯიქს“ 18:13 სძლია, ხოლო მე-13 ტურში ქუთაისში „ლოკომოტივი“ დაამარცხა - 19:15. პირველ ტაიმში ერთი ლელო გავიდა და ის სტუმრების ანგარიშზე იყო, თუმცა მასპინძლები 9:8 დაწინაურდნენ. „ლოკომოტივმა“ ერთი ლელო მეორე ტაიმში დადო, მაგრამ თავადაც გაუშვა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა.

„რკინიგზელები“ ზედიზედ მეორედ დამარცხდნენ და მართალია, ორივეჯერ შეძლეს პრემიალური ქულის აღება, მაგრამ სატურნირო ცხრილში პოზიციების დათმობა მოუხდათ.

გასული ჩემპიონატის ფინალისტებთან ზედიზედ ორი ჯახი მოიგო თბილისის „აკადემიამ“. „მხატვრებმა“ ერთი კვირის წინ „ლოკომოტივს“ სძლიეს (10:6), ახლა კი ჩემპიონ „ლელო-სარასენსს“ გადაწვდნენ, რომელსაც ლიდერობა დააკარგვინეს. პირველი ტაიმი „ლელო-სარასენსმა“ 13:10 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ ქულაც ვერ აიღო და „აკადემიამ“ მორიგი 4 ქულა ჩაიწერა - 29:13. დაუგეგმავი ქულების მოპოვებით ის ექვსეულში გამაგრდა და მდევარს 5 ქულით უსწრებს.

მდევარი „არმიაა“, რომელსაც ერთი კვირის წინ „ლელოს“ დამარცხება შეეძლო, თუმცა ბოლო წუთზე გადამწყვეტი ჯარიმა მიიღო და მხოლოდ 1 ქულას დასჯერდა. ამჯერად ის დიდ 10-ში დასარჩენად მებრძოლ „არმაზს“ მასპინძლობდა და 10:3 დაწინაურდა, შესვენების შემდეგ გუნდებმა ორ-ორი ზუსტი დარტმა შეასრულეს და თამაში 16:9 დასრულდა. არმიელებმა ექვსეულში მოხვედრის შანსი შეინარჩუნეს, ხოლო „არმაზმა“ პრემია ჩაიწერა ანგარიშზე და მდევარს 5 ქულით უსწრებს.

„ბათუმი“ გორის „ჯიქს“ დაუხვდა და პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო (13:12), მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და 19:21 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, პრემიალურმა ქულამ ზღვისპირელებს მეორე ადგილზე აღზევების საშუალება მისცა, ხოლო „ჯიქი“ ლიდერების სიახლოვეს რჩება და რეგულარული გათამაშების პირველ-მეორე ადგილზე დასრულება შეუძლია.

სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა აუტსაიდერმა ბოლნისის „ყოჩებმა“ და უძლიერესთა შორის დარჩენისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისელებს აქამდე მხოლოდ ქუთაისის „ბაგრატი“ ჰყავდათ დამარცხებული და ამჯერადაც მას სძლიეს - 27:20. ქუთაისელებმა ბონუსი აიღეს და „ყოჩებს“ 7 ქულით უსწრებენ, რის აღმოფხვრაც ერთ მატჩში შეუძლებელია.

დიდი 10. XIII ტური

ყოჩები (ბოლნისი) - ბაგრატი (ქუთაისი) 27:20

აკადემია (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 29:13

არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 16:9

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 19:15

ბათუმი (ბათუმი) - ჯიქი (გორი) 19:21

მსგავსი სიახლეები