შეხვედრა შევარდენზე

საქართველოს რაგბის აკადემიის ხელმძღვანელობა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე რაგბის ეროვნული აკადემიის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია მათ შვილებთან დაგეგმილი სამუშაოების, ასევე აკადემიის მუშაობის შეცვლილი პრინციპების შესახებ.

15-წლამდელთა ნაკრების გაუქმების შემდეგ ადრეულ ასაკში აღარ ხდება სანაკრებო სელექცია, რამაც მოზარდებს წნეხი მოუხსნა და 4-ჯერ გაზარდა აკადემიის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა. მათთან ორწლიანი მუშაობის შედეგად, 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებს არჩევანის გაკეთება მრავალრიცხოვანი და დახვეწილი სათამაშო უნარების მქონე ახალგაზრდებისგან მოუწევთ.

სიახლეებმა მშობლებში გარკვეული კითხვები გააჩინა და მათთან შეხვედრა ამის გამო გადაწყდა. გარდა ამისა, აკადემიის ხელმძღვანელობას სურს, რომ მშობლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული მათი შვილების სწორი მიმართულებით განვითარებაში. სპორტსმენის ჩამოყალიბება მხოლოდ დღეში 2-საათიანი ვარჯიშით არ ხდება, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდმა რეჟიმი დარჩენილი 22-საათიც დაიცვას და ამ მიმართულებით მშობლებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს, მოგვიანებით კი, აკადემიის ხელმძღვანელებმა მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

აკადემიის სივრცეში 200-მდე 15-16 წლის მოზარდი ვარჯიშობს, რომელთაგან 100-120 ბავშვი თბილისის, ხოლო 70-80 ქუთაისის ფილიალზე მოდის და მსგავსი შეხვედრის გამართვა ყველა მშობელთან იგეგმება.

გუშინდელ შეხვედრაზე შევარდენზე მისულ მშობლებს განემარტათ, რომ მათ შვილებთან მუშაობა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და თუ მათი ნაწილი რომელიმე კონკრეტული თამაშისთვის შემადგენლობაში ვერ მოხვდება, ეს არაფერს ნიშნავს და ისინი აკადემიის სივრცეში რჩებიან. აკადემიის სივრცეში მოზარდები კვირაში ორჯერ ივარჯიშებენ და პარალელურად თავ-თავიანთ კლუბებში მოემზადებიან. აკადემიაში ჩასატარებელი ვარჯიშების დრო მშობლებთან შეთანხმებით შეირჩა, რათა მათ შვილებს სწავლის პროცესში ხელი არ შეეშალოთ.

პროფესიული განვითარებისა და რაგბის ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელმა, ვეტერანმა ბორჯღალოსანმა, ზაზა ლეჟავამ მშობლებთან შეხვედრის მიზნებზე და ბავშვთა შერჩევის კრიტერიუმებზე ისაუბრა:

„შეხვედრის მიზანია, რომ მშობლებს ჩვენი მუშაობის პრინციპი გავაცნოთ, ისინი ამ პროექტის თანამონაწილენი და თანამოაზრენი გახდნენ. აკადემიის მუშაობის პრინციპის ცვლილებამ შეკითხვები გააჩინა და ვარჩიეთ, რომ პასუხები პირადად გავცეთ. ჩვენ გვაქვს ხუთი კრიტერიუმი, რომელთაგან მინიმუმ ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოზარდი აკადემიის სივრცეში ხვდება და დანარჩენი კრიტერიუმების გაუმჯობესებაზე მომდევნო ორი წელი ჩვენ ვიზრუნებთ“.

აკადემიაში მოხვედრის ხუთი კრიტერიუმი ასეთია: ტაქტიკური; ტექნიკური; მორფოლოგიური; მენტალური; ფიზიკური სისწრაფე.

მოთამაშეთა კეთილდღეობისა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელმა ნონო ანდღულაძემ შეკრებილებს აუხსნა, რომ რაგბი სოციალური თამაშია და აკადემიის სივრცეში მოხვედრილი მოზარდები შეისწავლიან რაგბის ძირითად პრინციპებს - გუნდურობას, ერთმანეთის გატანას, მეტოქის პატივისცემას და ა.შ., რაც მათ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ მიექცევა ყურადღება ამ მოზარდების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

ახალგაზრდული ნაკრებების ფიზმომზადების მწვრთნელმა გივი ნადარეიშვილმა ისუბრა სწორი კვებისა და ვარჯიშის, ასევე რეჟიმის დაცვის აუცილებლობაზე, რაშიც მშობელთა ჩართულობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ 17-18 წლამდე მოზარდებისთვის წონაზე ვარჯიში რეკომენდირებული არაა, კვირაში მაქსიმუმ 8 საათი უნდა ივარჯიშონ და მოერიდონ საკვებ დანამატებს:

„ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა სწორედ ვარჯიში ისწავლონ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდნენ წონაზე ვარჯიშზე, რათა არ მოხდეს არასწორი განვითარება. აქ რა თქმა უნდა საკუთარი წონით ვარჯიში არ იგულისხმება. ასევე მნიშვნელოვანია დროზე ძილი და სწორი კვება. შეკრებების დროს ამ ყველაფერს ჩვენ ვუზრუნველყოფთ, თუმცა კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად მასში მშობლებიც ჩაერთვებიან“.

მსგავსი სიახლეები