პორტუგალიური ვერცხლ-ბრინჯაო

 პორტუგალიურ ოდიველაშში დასრულებულ ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ქართული გუნდი საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორებით იყო დაკომპლექტებული და თუკი შაბათს კვარცხლბეკზე ასვლა ვერავინ მოახერხა, კვირა გაცილებით ბარაქიანი გამოდგა.

ქართველ ძიუდოისტთაგან ყველაზე უკეთ მძიმეწონოსანმა ონისე ბუღაძემ იასპარეზა, რომელმაც ფინალში გასვლა შესძლო და იქ რუს ანტონ ბრაჩევთან დამარცხდა. მანამდე, ონისემ გზიდან არგენტინელი ექტორ კამპოსი და ფრანგები ნაბილ ზალაგი და მატიე ტორელი ჩამოიცილა. ამავე წონაში გუგა კიბორძალიძემ პირველივე შეხვედრა ხსენებულ ბრაჩევთან დათმო.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნოდარ ბერიანი, რომელმაც 90 კგ-მდე წონით კატეგორიის რეპეშაჟში, მე-3 ადგილისთვის დაპირისპირებაში თანაგუნდელ უშანგი მარგიანს სძლია. მანამდე, ბერიანმა პორუგალიელი ნოელ დელგადუ, ფრანგი ლუდოვიკ გობერი და ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილიც დაჯაბნა, ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონ ფრანგ აქსელ კლერჟესთან წააგო.

რაც შეეხება მარგიანს, მან გზიდან უკრაინელი ოლეკსანდრ კრუკი და დომინიკელი რობერტ ფლორენტინო ჩამოიცილა, მეოთხედფინალში ფრანგ ალექსანდრ იდირს ვერ გაუმკლავდა, რეპეშაჟის პირველ წრეში კი პორტუგალიელ გილიერმე სალვადორს აჯობა. ამავე წონაში არჩილ გოგოლაშვილმა საწყის რაუნდში თურქ ბათუჰან ეფემგილთან წააგო.

81 კილოში გიორგი პაპუნაშვილმა მერვედფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც პორტუგალიელ კარლუშ ლუშთან დამარცხდა, მანამდე კი, ფრანგი ნიკოლა შილარი დაჩაგრა. თავი ვერაფრით გამოიჩინა კობა მჭედლიშვილმა. მან პირველ წრეში ხორვატ დომინიკ დრუზეტასთან წააგო.

საქართველოს ნაკრები 3 ძიუდოისტით იყო წარდგენილი 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ალექსანდრე ზაალიშვილმა ავსტრიელი მაქსიმილიან ჰაგენედერის ძლევის შემდეგ, ფრანგ ნელ ონორე არიანო რებუკასთან დამარცხდა, იასონ ნემსაძემ და დავით ოზბეთელაშვილმა კი პირველივე ორთაბრძოლები წააგეს: პირველმა ესპანელ დავიდ რუის საიაკთან, მეორემ კი – რუს მაკსუდ იბრაგიმოვთან.

მსგავსი სიახლეები