ნაკრების კორეელი კონსულტანტი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია

კორეელი მწვრთნელი, მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიური ჩემპიონი კი-იონ ჯეონი უკვე თბილისშია. შეგახსენებთ, რომ ის საქართველოს ნაკრების კონსულტანტადაა მოწვეული და ახლა პირობებზე მოსალაპარაკებლად გვესტუმრა.

კორეელი გუშინ, გამთენიისას ჩამოფრინდა და საღამოს უკვე დაათვალიერა ძიუდოს აკადემია, ნაკრების სავარჯიშო პირობები, შეხვდა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობას, თუმცა თანამშრომლობის დეტალებზე ჯერ ოფიციალურად არ უსაუბრიათ. კორეელი დღეს საღამოს ძიუდოს აკადემიაში მთავარი ნაკრების ვარჯიშს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ჯეონი მწვრთნელ-კონსულტანტადაა მოწვეული, თუმცა, უშუალოდ რა ტიპის სამუშაოს შეასრულებს, ანუ რას გააკეთებს ნაკრებისთვის, რა ფორმით და რა დოზით დაეხმარება მას, ეს დეტალები მოლაპარაკებისას გაირკვევა. ასევე გადაწყდება, რა დროს გაატარებს ის საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ ჯეონი 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია, მსოფლიოს პირველობა კი ზედიზედ სამჯერ - 1993, 1995 და 1997 წლებში მოიგო, რაკიღა მაშინ ეს ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. ამასთან, 1995 წელს აზიის ჩემპიონიც გახდა, გაუმარჯვია არაერთ პირველხარისხოვან ტურნირზე.

მსგავსი სიახლეები