ძიუდოში ახალ წესებს ცდიან

5-7 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ორგანიზებით გაიმართა მსაჯთა და მწვრთნელთა მორიგი სემინარი, რომელსაც 98 ქვეყნის 365 წარმომადგენელი დაესწრო. ამ ღონისძიებას დიდი აჟიოტაჟი და დამსწრეთა უპეცენდენტო რაოდენობა შემთხვევით არ შეუკრებია. წლის დასაწყისში სრულიად ძიუდოს სამყაროს ყურადღება სწორედ ბაქოსკენ იყო მიპყრობილი და ყველა მოუთმენლად ელოდა სემინარს, სადაც გაცხდადდა, რომ ძიუდოს წესებში აქამდე დაანონსებული ცვლილებები ოფიციალურად შედის რვათვიან სატესტო რეჟიმში. აღნიშნული წესების შესახებ ჩვენ ადრეც ვიუწყებოდით, თუმცა მაშინ IJF-ის მიერ გამოქვეყნებული ჩამონათვალი მაინც წინასწარ, სავარაუდო მონახაზად მიიჩნეოდა. 7 იანვრიდან კი ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლებიც თავდაპირველად დაანონსებულთაგან მცირედით განსხვავდება:

ორთაბრძოლის ხანგრძლივობა

ისევე როგორც ვაჟების, ასევე გოგონების შეხვედრების ხანგრძლივობა ძირითად დროში განისაზღვრება 4 წუთით. ვაჟებს შორის დაპირისპირებების 5 წუთიდან 4 წუთამდე შემცირება მოხდა გენდერული თანასწორობის მოსარებით, ასევე ამას მოითხოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე შერეული გუნდური შეჯიბრის დაშვების შემთხვევაში.

შედეგიანი გდებების შეფასება

იქნება მხოლოდ ორი შეფასება: იპონი და ვაზარი გდებას, რომელიც აქამდე ფასდებოდა როგორც იუკო, მიენიჭება ვაზარის სტატუსი. ანუ სპორტსმენი ვაზარის შეასრულებს თუ იუკოს, ტაბლოზე ორივე შემთხვევაში აისახება ვაზარი, რადგან ცნება იუკო აღარ იარსებებს. ერთ შეხვედრაში ორი ვაზარის შესრულება (წარსულში ავასატე იპონი) სუფთა გამარჯვების მომტანი აღარ იქნება. ძიუდოისტმა 4 წუთში 10 ვაზარიც რომ შეასრულოს ვადაზე ადრე ვერ გაიმარჯვებს. შეხვედრას ვადამდე ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ძიუდოს მთავარი არსი და მშვენება - გდება იპონი.

შებოჭვა (ოსაე კომი)

მეტოქის 10 წამით შებოჭვისთვის სპორტსმენს მიენიჭება ვაზარი. იპონის დასაფიქსირებლად კი როგორც ადრე, მოწინააღმდეგის 20 წამით შებოჭვა იქნება აუცილებელი. შეხვედრის მიმდინარეობისას თუ ვაზარი მოიპოვე და შემდეგ მეტოქე შებოჭვაზე 10 წამით დაიჭირე (რაც ავტომატურად ვაზარის უდრის) სუფთა გამარჯვებას ვერ მოიპოვებ. სუფთად მოგებისთვის აუცილებელია მეტოქე 20 წამის განმავლობაში შებოჭო.

ძირითად დროში გამარჯვება

ძირითად დროში იმარჯვებს ის ძიუდოისტი, რომელიც შეასრულებს იპონს ან ექნება მეტი ვაზარი. ერთი, ანაც ორი შიდოს უპირატესობით შეხვედრას ვერ მოიგებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ორივე სპორტსმენს ექნება შესრულებული შედეგიანი გდებები, ვთქვათ ორ-ორი ვაზარი და ერთ მათგანს მიღებული ექნება ორი შიდო, შეხვედრა არ სრულდება და გადადის დამატებით დროში (გოლდენ სქორი). ანუ თუ 4 წუთი გაილია და ტაბლოზე დაფიქსირებულია შიდოების შეფარდება 1:0, 2:0 ან 2:1 დაინიშნება დამატებითი დრო. ორთაბრძოლა ვადამდე დასრულდება, თუკი რომელიმე მხარე მიიღებს სამ შიდოს, ანაც დაიმსახურებს დისკვალიფიკაციას (ჰანსოკუ მაკეს).

დამატებითი დრო (გოლდენ სქორი)

თუკი ძირითადი დროის განმავლობაში არ შესრულდა შედეგიანი გდება, ანაც მეტოქეებმა თანაბარი რაოდენობის გდება შეასრულეს შეხვედრა გრძელდება დამატებით დროში. ძირითად დროში დაფიქსირებული ყველა გდება და გაფრთხილება (შიდო) გადადის დამატებით დროში. დამატებით დროში გასამარჯვებლად აუცილებელია კიდევ გდების შესრულება ან შიდოთი დაწინაურება.

ა) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 1:0 და დამატებით დროში იგივე ძიუდოისტი მიიღებს კიდევ ერთ შიდოს, შეხვედრა დასრულდება

ბ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 1:1, დამატებით დროში პირველივე შიდოს მიმღები სპორტმენი დამარცხებულად გამოცხადდება

გ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 1:0 და დამატებით დროში ახლა მეორე ძიუდოისტი დაიმსახურებს შიდოს, მაშინ გახდება 1:1 და უკვე მომდევნო შიდოს მიმღები მონაწილე დამარცხდება. ანუ ამ შემთხვევაში გამოვა, რომ დამატებით დროში ორივე მხარემ თითო-თითო შიდო დაიმსახურა, მაგრამ უკვე ის, ძირითადში მიღებული გაფრთხილება ხდება გადამწყვეტი.

დ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 2:0 და დამატებით დროში იგივე ძიუდოისტი მიიღებს კიდევ ერთ შიდოს, შეხვედრა დასრულდება. თუმცაღა ჩამორჩენილ სპორტსმენს ეძლევა შანსი ორშიდოიანი სერიოზული დეფიციტი აღმოფხვრას და თუკი ის მოახერხებს დამატებით დროში მეტოქეს ზედიზედ სამი გაფრთხილება მიაღებინოს, მაშინ გამარჯვებულიც ის გამოვა.

ე) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 2:1 და დამატებით დროში ჩამორჩენილი ძიუდოისტი მიიღებს კიდევ ერთ შიდოს, შეხვედრა დასრულდება. მაგრამ თუკი დაწინაურებული სპორტმენი თავად მიიღებს 2 გაფრთხილებას, მაშინ ის 2:3 დამარცხდება. ვ) თუ ძირითად დროში შიდოების ანგარიში იყო 2:2, დამატებით დროშიპირველივე შიდოს მიმღები სპორტმენი დამარცხებულად გამოცხადდება.

გაფრთხილებები (შიდო)

შეხვედრა ვადამდე დასრულდება თუკი რომელიმე სპორტსმენი მიიღებს სამ შიდოს. აქამდე გამარჯვებას მეტოქის ოთხი გაფრთხილება იძლეოდა. რიგით მესამე შიდო ხდება შეხვედრიდან მოხსნის მიზეზი (ჰანსოკუ მაკე). იმისათვის რომ გაადვილდეს მსაჯობა და ზოგადად ძიუდოს აღქმა ყურებისას, ზოგიერთი არატრადიციული, აკრძლული ჩავლება ძველებულად მკაცრად აღარ დაისჯება. სახელოს ბოლოში თითის შეყოფა, სახელოს ბოლოს მასიურად ჩაბღუჯვა, ცალმხრივი ჩავლება (ჩავლების აღება ორივე ხელით ერთ მხარეზე), დიაგონალური გადავლება და ქამარში ხელის ჩავლება შედარებით ლოიალურად იქნება განსჯილი. თუკი ადრე ძიუდოისტს ასეთი ჩავლების აღების შემთხვევაში გაფრთხილების თავიდან ასაცილებლად მომენტალურად, მყისიერად ევალებოდა გდების შესრულება, ამჯერად მას ორი-სამი, ზოგ შემთხვევაში ხუთი წამიც კი ექნება შეტევის მოსამზადებლად. ხოლო თუ ეს დრო ვერ გამოიყენა, გდება ვერ შეასრულა, ვეღარც უტევს და კვლავ ის ჩავლება აქვს აღებული, მაშინ ბუნებრივია შიდოთი დაისჯება. ანუ ხდება შეტევის წახალისება. სპორტსმენებს მაქსიმალურად ეძლევათ საშუალება მეტი იფიქრონ გდებების შესრულებაზე. IJF-ის აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა თუ რაოდენ ძნელია შეტევის საფუძვლიანად მომზადება. ამიტომ ამიერიდან ჩავლების აღებიდან შეტევის განვითარებაზე ძიუდოისტებს მიეცემათ 45 წამი. ფეხში შესვლა, შარვალზე ხელის ჩავლება და საერთოდ დგომში ქამრის ქვემოთ ნებისმიერი ჩავლება პირველ ჯერზე დაისჯება შიდოთი. განმეორების შემთხვევაში - ჰანსოკუ მაკეთი. თუ შემტევი ძიუდოისტი აკეთებს გდებას ვაზარი და მეტოქე ამ დროს ფეხში წაავლებს ხელს, შესრულებული გდება ჩაითვლება და დამრღვევს მაინც მიეცემა შიდო. თუ იგივე შეხვედრაში ანალოგიური სიტუაცია განმეორდა, იგივე სპორტსმენი კვლავ შევიდა ვაზარიზე და მეტოქემ კვლავ ფეხში შესვლით სცადა თავის დაცვა, მაშინ მსაჯი ორთაბრძოლას აჩერებს და დამრღვევ მხარეს აძლევს ჰანსოკუ მაკეს. ეგრედ წოდებული დათვის ჩავლება, ანუ მეტოქეზე ორივე ხელის შემოვლება ჩავლების აღების გარეშე პირველ ჯერზეც დაისჯება გაფრთხილებით და განმეორების შემთხვევაში კიდევ ერთი შიდო მიეცემა. თუ ერთმა ძიუდოისტმა შეასრულა დათვის ჩავლება და იმავდროულად მეორემ მოახერხა მეტოქის ვაზარიზე დაგდება, მაშინ ეს გდებაც ჩაითვლება და ის დამრღვევი სპორტსმენიც დაისჯება შიდოთი. ზემოთ ვთქვით, რომ შეხვედრას ძირითად დროში ვერ მოიგებ მხოლოდ ორი გაფრთხილებით. ბუნებრივია ეს არ ეხება ორ შიდოს მიღებულს ფეხში შესვლისთვის. ერთი დაპირისპირების დროს ფეხში ორჯერ შესვლისთვის სპორტსმენი მომენტალურად მოიხსნება შეხვედრიდან. მაყურებლისთვის უფრო ადვილი გასაგები რომ გახდეს ამიერიდან ფეხში შესვლისთვის მიღებული შიდო ტაბლოზე ჩვეულებრივი შიდოებისგან განსხვავებით გამორჩეულად იქნება გამოსახული. იმ შემთხვევაში, თუკი ძიუდოისტი კვლავ ჩაიდენს იგივე დანაშაულს ამოქმედდება ჰანსოკუ მაკეს წესი, თუ არადა ფეხში პირველად შესვლისთვის მიღებული შიდო ჩაითვლება ჩვეულებრივ გაფრთხილებად და მოხდება მისი დანარჩენ შიდოებთან აკუმულირება.

მსგავსი სიახლეები