თბილისი მოჭიდავეთა გრან პრის უმასპინძლებს

10-12 ივნისს თბილისში "დიდი პრიზის" კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. საქართველო არაა განებივრებული მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებული ფედერაციის კალენდარში შეტანილი შეჯიბრებებით, ამდენად ეს ნამდვილად კარგი ამბავია. მსოფლიოს ფედერაციის კალენდარში წლეულს სულ სამი შეჯიბრებაა შეტანილი და სამივე მაის-ივნისზე მოდის. პირველი მათგანი ბათუმში 6-7 მაისს გასამართავი მსოფლიო ჩემპიონის, ოლიმპიურ პრიზიორ მუხრან ვახტანგაძის სახელობის ტურნირია, რომელიც ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის ტარდება. ამას ისევ "ბერძენ-რომაელთა" შორის მსოფლიოს ჩემპიონის - თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრება მოჰყვება, რომელიც ზუსტად ერთი თვის თავზე, 5-7 ივნისს მსოფლიო ჩემპიონის მშობლიურ ქალაქ რუსთავში ჩატარდება, ოღონდ ჭაბუკთა შორის. მესამე და დასკვნითი შეჯიბრება ზემოხსენებული "დიდი პრიზია", რომელიც უფროსებში ტარდება და თანაც, ვაჟთა ორივე საჭიდაო სტილში, ანუ "ბერძენ-რომაელებსა" და "თავისუფლებში". "დიდი პრიზი" ერთგვარი კომპენსაციაა საქვეყნოდ ცნობილი ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირებისთვის, რომელსაც ერთ დროს არაოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატსაც უწოდებდნენ (კონკრეტულად - თავისუფალ ჭიდაობაში), თუმცა ბოლო წლების ძნელბედობამ ეს შეჯიბრებებიც შეიწირა. ახლანდელ შეჯიბრებას მთლად ასე არ ეწოდება, თუმცა ჩვენი ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ, მანუჩარ კვირკველიას ხელმძღვანელობით, ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ისევ მიეღო დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება, მერე კი, იქნებ იმ სახელოვან ვეტერანთა სახელების მინიჭებაც მოხერხდეს.

მსგავსი სიახლეები