ნიკოლოზ ბასილაშვილი: “ჰაასს დიდ პატივს ვცემ”

ფლორიდის შტატის დელრეი ბიჩის ტურნირის პირველ წრეში 38 წლის გერმანელი ტომი ჰაასის 6:7 (4:7), 7:6 (10:8), 6:2 დამარცხების შემდეგ, 24 წლის ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს ოფიციალურ ვებგვერდს შემდეგი განუცხადა:

“ისეთი ოპონენტის წინააღმდეგ თამაში, როგორიც ჰაასია, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ტომის დიდ პატივს ვცემ და მასთან დაპირისპირებისას ვისიამოვნე. ვიცი, როგორ რთულად დაბრუნდა ჰაასი ტურში, ამიტომაც გული მწყდება, ტომი ტურნირს რომ ჩამოშორდა. მაგრამ ჩოგბურთის მატჩში მოგებული მხოლოდ ერთია. მიმდიანრე სეზონში ჰაასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”.

2015 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ტომი ჰაასმა პირველი სრულყოფილი მატჩი ჩაატარა. წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის თავის პირველსავე ასპარეზობაში შეხვედრა ვერ დაასრულა.

“მთლიანობაში ყველაფერი კარგად იყო. გული მწყდება, მოგებასტან ახლოს რომ ვიყავი და მაინც დავმარცხდი. მატჩის შემდეგ ცუდი გრძნობა დამეუფლა. ამჟამად საკუთარი თამაშის მიგნებას ვცდილობ. ეს რთულია, რადგან კორტზე წელიწადნახევრის განმავლობაში არ გავსულვარ. ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასება მიჭირს.

მეორე სეტის მსვლელობისას ფეხის ტკივილი ვიგრძენი და მომეჩვენა, თითქოს ფეხის აწევა აღარ შემეძლო. უცნაური მომენტი იყო - უცბად ვიგრძენი ტკივილი. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია”. ნიკოლოზ ბასილაშვილის სამერვედფინალე მოწინააღმდეგე რეიტინგის 57-ე ნომერი ბელგიელი სტივ დარსია.

დელრეი ბიჩის ტურნირის საპრიზო ფონდი 599 345 დოლარია.

მსგავსი სიახლეები