ნიკოლოზ ბასილაშვილი; ჩოგბურთი;


ბასილაშვილმა მემფისის ტურნირის პირველი წრე იოლად დაძლია

 ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ბოლო პერიოდია ჩინებულ ფორმაში იმყოფება, მორიგი მატჩი მოიგო.

საქართველოს პირველი ჩოგანი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მემფისის ღია პირველობის (საპრიზო ფონდი 720 410 დოლარი) საწყის წრეში ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს იოლად – 6:3, 6:0 სძლია.

საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, სიდნეის ტურნირზე ავსტრალიელმა ქართველს 7:5, 6:2 მოუგო, ამგვარად, ნიკოლოზმა რევანში აიღო და თანაც, ამისთვის, საათზე ცოტა მეტი ეყო.

ბასილაშვილი ავსტრალიელს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 63-ე ადგილზე იმყოფება, აშკარად სჯობდა, ორივე სეტში პირველივე მოწოდება აართვა, თავად კი მოწოდება ერთხელაც არ დაუკარგავს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კლასიფიკაციაში ნიკოლოზს 67-ე პოზიცია უკავია, მემფისის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლით კი 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და “ლაივ-რეიტინგში” უკვე 65-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო წრეში ბასილაშვილის მეტოქე პირველ ნომრად განთესილი ივო კარლოვიჩი იქნება, რომელიც მსოფლიოს მე-20 ჩოგანია. 24 წლის ქართველი ჩოგბურთელი 37 წლის ვეტერან ხორვატს კარიერაში 2-ჯერ შეხვედრია და მოგება ჯერ არ აქვს.

ორივე გასული დაპირისპირება 2015 წელს შედგა და აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა გამოცდილ მეტოქეს ორივეჯერ საკმაოდ წინააღმდეგობა გაუწია. დოჰას ტურნირზე ნიკოლოზმა ივოსთან 6:7 (3:7), 3:6 წააგო, კუალა ლუმპურში კი 5:7, 6:4, 3:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები