ფაჩულია მზადაა

 საოლსტარო პაუზის შემდეგ ხვალ ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის განახლდება. “გოლდენ სტეიტ უორიორზი” საკუთარ Oracle Arena-ზე თანაშტატელ “ლოს ანჯელეს კლიპერსს” უმასპინძლებს. “მეომრებმა” მიმდინარე სეზონში სამჯერ მოახერხეს კლიპერსელთა დამარცხება. სამივე შეხვედრაში ოკლენდელთა უპირატესობა აშკარა იყო, განსაკუთრებით კი 29 იანვარს გამართულ პაექრობაში, რომელიც “გოლდენ სტეიტმა” 144:98 მოიგო.

ტრავმების მოშუშების შემდეგ “მეომრებს” ზაზა ფაჩულია და დევიდ ვესტი დაუბრუნდებათ. ოკლენდელთა ქართველმა მეფარემ მხრის დაზიანება მოირჩინა. ზაზამ გუშინ გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და შემდეგ 5-5-ზე მატჩშიც მიიღო მონაწილეობა. წვრთნის დასრულების შემდეგ ფაჩულია რეპორტიორებს გაესაუბრა:

“თავს კარგად ვგრძნობ. ყოველდღიურად მხრის მდგომარეობა უმჯობესდება, დღეს კი სრული დატვირთვით ვარჯიში მოვახერხე, შემდეგ კი გუნდის five-on-five შეხვედრაში ვითამაშე. დატვირთვა მშვენივრად გადავიტანე - ყოველგვარი ტკივილის შეგრძნების გარეშე გულიანად დავრბოდი, ფარიდან ასხლეტილ ბურთებს ვხსნიდი, საწვრთნელი თამაშისას თანაგუნდელებთან კონტაქტშიც შევდიოდი. ერთი სიტყვით, “კლიპერსის” წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვარ”.

ფაჩულიას დაბრუნება გოლდენსტეიტელთა მთავარ მწვრთნელ სტივ კერს ახარებს, თუმცა, აცხადებს, ვათამაშებ თუ არა ქართველს კლიპერსელებთან მატჩში, ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვსო:

“უნდა დავრწმუნდე, ფაჩულია და ვესტი სრულად გამოჯანმრთელებულები რომ არიან. ისე კი ზაზას სასტარტოში დაბრუნებას მოუთმენლად ველი. ჩვენი ძირითადი მეფარე ხომ სასტარტო ხუთეულის სრულუფლებიანი წევრია”.

კერს ამის განცხადების სრული საფუძველი აქვს, რასაც სტატისტიკაც ზურგს უმაგრებს. მიმდინარე სეზონში სტეფ კარიმ, კლეი ტომპსონმა, კევინ დურანტმა, დრეიმონდ გრინმა და ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე ერთობლივად 508 წუთი გაატარეს და ამ სათამაშო დროის განმავლობაში მეტოქეებთან შედარებით 254 ქულით მეტი ჩააგდეს.

“გოლდენ სტეიტისა” და “კლიპერსის” დაპირისპირება ხვალ დილით 7 საათსა და 30 წუთზე დაიწყება...

მსგავსი სიახლეები