ნბა;


“მეომრებს” “მეფეების” დასამარცხებლად პერიოდი ეყოთ

“გოლდენ სტეიტ უორიორზმა” სამი მატჩისგან შემდგარი საგარეო ტურნეს შემდეგ თავის Oracle Arena-ზე თანაშტატელ “საკრამენტო კინგზს” უმასპინძლა და თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი მესამე პერიოდში გადაწყვიტა. ეს თორმეტწუთიანი მონაკვეთი ოკლენდელებმა 42:15 მოიგეს (22:0 “გაქცევა” მოაწყვეს) და ცხადი გახდა, “მეომრები” აქტივში კიდევ ერთ გამარჯვებას რომ ჩაიწერდნენ.

ზაზა ფაჩულიას კვლავ არ უთამაშია და მესამე მეოთხედში ორი ტექნიკური ჯარიმის გამო მოედნიდან გაძევებული დრეიმინდ გრინის გარეშე “გოლდენ სტეიტს” თითქოს შედარებით უფრო უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ სტივენ კერის გუნდის დომინირება კიდევ უფრო გამოიკვეთა. კლეი ტომპსონმა 7 სამქულიანი ჩააგდო, ჯამში კი 35 ქულა გააკეთა.

ოკლენდელებმა 47-ე მატჩი მოიგეს (109:86), მომდევნო მატჩს კი 24 თებერვალს შინ “ლოს ანჯელეს კლიპერსთან” ჩაატარებენ. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაში მონაწილეობას ზაზა ფაჩულიაც მიიღებს...

სეზონის 27-ე სამმაგი დუბლი გააკეთა რასელ ვესტბრუკმა. თანაც ტრიპლ-დაბლის ნიშნულს რასმა უკვე მესამე მეოთხედის შუაწელში უწია, საბოლოოდ კი “ნიუ იორკ ნიკზთან” თამაშისას ოკლაჰომელთა ლიდერმა 38 ქულას, 14 მოხსნას და 12 პასს მოუყარა თავი. ნბა-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩამდე ვესტბრუკზე მეტი სამმაგი დუბლი მხოლოდ ოსკარ რობერტსონს შეუსრულებია (28).

ოკლაჰომელთა და ნიუ იორკელთა დაპირისპირებას რაც შეეხება, მასპინძლებმა ასპარეზობა დუნედ დაიწყეს, მაგრამ მდგომარეობა მალევე გამოასწორეს და შეხვედრა მოგებამდეც მიიყვანეს - 116:105.

მატჩამდე გაცხადდა, “ოლ სტარის” მატჩში კლივლენდელ კევინ ლავს ნიუ იორკელი კარმელო ენტონი რომ შეცვლის. მატჩის მსვლელობისას ოკლაჰომელი გულშემატკივარი მელოს მიმართავდა, მომავალი ზაფხულიდან ჩვენთან გადმოდიო...

დამაჯერებლად იმარჯვა დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანმა “სან ანტონიომ”. ტეხასელებმა ფლორიდაში, “ორლანდო მეჯიქთან” დაპირისპირებისას უკვე სასტარტო პერიოდშივე მიაღწიეს თვალსაჩინო უპირატესობას და რეგულარულ პირველობაზე 43-ე მატჩი მოიგეს. გრეგ პოპოვიჩს გუნდს მშვენიერი შანსი აქვს მიმდინარე სეზონში გამარჯვებათა რაოდენობით 50-იან ნიშნულს გადასცდეს.

ჯეიმს ჰარდენის სამმაგი დუბლის მიუხედავად “ჰიუსტონ როკითსი” საკუთარ პარკეტზე შერცხვა “მაიამი ჰითთან” 109:117 შერცხვა. მიმდიანრე სეზონში პირველად ჰიუსტონელები მატჩის მსვლელობისას წინ ერთხელაც ვერ გავიდნენ. ჰარდენმა კი 38 ქულით, 12-12 მოხსნა-პასით საამსეზონო მეთხუთმეტე ტრიპლ-დაბლს უწია. მაიამელთაგან ჰასან უაითსაიდი უნდა გამოვარჩიოთ (23 ქულა, 14 მოხსნა).

“კლივლენდ კავალიერზის” უკანახაზელი კაილ კორვერი ნბა-ს ისტორიაში მეშვიდეა, რომელმაც კარიერის განმავლობაში 2 ათასზე მეტი ზუსტი სამქულიანი შეასრულა. ამ ზღვარს კორვერი “ინდიანა პეისერზთან” 113:104 მოგებულ შეხვედრაში გადასცდა. ინდიანაპოლისელები ზედიზედ მეხუთედ დამარცხდნენ.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “კლივლენდს” ორი მოგებით ჩამორჩება “ბოსტონ სელტიკსი”. ბოსტონელებმა შინ “ფილადელფია სიქსერზს” აიზია ტომასის 33 ქულის მეშვეობით 116:108 სძლიეს.

“ნიუ ორლეანისა” და “მემფის გრიზლის” მატჩში ვეტერანმა მემფისელმა ვინს კარტერმა 5 ქულა გააკეთა, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის ალენ აივერსონისთვის გაესწრო და 24 371 ქულით 23-ე ადგილამდე დაწინაურებულიყო. მატჩს რაც შეეხება, “პელიკანზმა” “გრიზლის” გასვლაზე 95:91 სძლია.

საგარეო მატჩი მოიგო “მილუოკი ბაქზმა” (“ბრუკლინი” 129:125 დაამარცხა), ბერძენმა იანის ანტეტოკუნმპომ კი 33 ქულა მიითვალა. ელადელმა მიმდინარე სეზონში უკვე მეცამეტედ გადააჭარბა 30 ქულას.

ზედიზედ მეორე შეხვედრაა ენდრიუ ვიგინსი 40 ქულაზე ნაკლებს არ აგროვებს. გუშინ მან 41 ჩაუგდო “კლივლენდს”, დღეს კი 40 ქულით “დენვერ ნაგითსი” “გაანაწყენა”. “მინესოტა თიმბერვულვზმა” კოლორადოელები 112:99 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები