შოთას რეინჯერსი განიხილავს

შოტლანდიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი „გლაზგო რეინჯერსი“ ახლა უმწვრთნელოდაა, რადგან რამდენიმე დღის წინ პოსტი მარკ ვარბურტონს დაატოვებინეს.

ცხადია, გუნდი მწვრთნელის გარეშე დიდ ხანს ვერ იქნება და ბრიტანული მედიაც მის შემცვლელზე ალაპარაკდა.

ვინ ჩაიბარებს „რეინჯერსს“? გავრცელებული ინფორმაციით, „რეინჯერსის“ ხელმძღვანელობა სხვებთან ერთად შოთა არველაძის კანდიდატურასაც განიხილავს, თუმცა გლაზგოური კლუბის გაწვრთნის შანსი ჰოლანდიელ ფრანკ დე ბურსაც აქვს. არველაძე და დე ბური კი გეხსომებათ, წლების წინ „რეინჯერსში“ თანაგუნდელები იყვნენ - შოთა ხომ ამ კლუბის ღირსებას 4 წლის მანძილზე (2001-2005 წლებში) იცავდა, კლუბის ლურჯი მაისურა 95-ჯერ მოირგო და 44 გოლი გაიტანა.

აქვე იმასაც დავძენთ, რომ შოთა არველაძის ბოლო კლუბი, რომელსაც იგი თავკაცობდა, ებრაული თელ ავივის „მაკაბი“ გახლდათ, საიდანაც დეკემბერში დაითხოვეს. ერთი ხანობა კი არველაძეს გუნდის გაწვრთნას კიდევ ერთი ყოფილი გუნდი, „ალკმაარი“ სთავაზობდა.

მსგავსი სიახლეები