რუნი მანჩესტერიდან მიდის

ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი უახლოეს პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს - 31 წლის ფეხბურთელს სათადარიგოთა სკამის ხეხვა არ სიამოვნებს, თამაში სწყურია და მზადაა, შემოთავაზებები განიხილოს.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, რუნის ჩინეთიდან, ამერიკიდან და თავის ყოფილ კლუბ „ევერტონიდან“ აქვს შემოთავაზებები.

ერთ-ერთი ჩინური კლუბი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, რუნის ხელფასის სახით ყოველწლიურად 35 მილიონ ფუნტს სთავაზობს, ჩინეთში კი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ერთ კვირაში დაიხურება. ასე რომ, რუნიმ შესაძლოა, ზაფხულამდეც კი არ დაიცადოს.

ცხადია, უეინ რუნის გადაწყვეტილებას მყისვე გამოეხმაურა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო, რომელმაც დაადასტურა, რომ ფეხბურთელი კლუბს დატოვებს.

„რუნი მიდის? ეს თავად უეინს ჰკითხეთ. რა თქმა უნდა, მე ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ იგი „მანჩესტერში“ დარჩება, მაგრამ მე შემიძლია იმის გარანტია მოგცეთ, რომ ერთ კვირაში ნამდვილად „იუნაიტედში“ ვიქნები და შემდეგ სეზონში რომელი ფეხბურთელი იქნება აქ და რომელი არა, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ“ - აცხადებს მოურინიო.

მსგავსი სიახლეები