კვირკველია და ლოკომოტივი გადაწყვეტილია

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია დღეს, მოსკოვის „ლოკომოტივში“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კარიერას დედაქალაქურ კლუბში გააგრძელებს.

კვირკველია, რომელიც ჯერჯერობით ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელია, დღესვე „რუბინში“ ბოლო მატჩს ჩაატარებს და „ლოკომოტივს“ ამის მერეღა შეურთდება - „რუბინი“ ამხანაგურად ნორვეგიულ „რუსენბორგს“ გაეჯიბრება.

რუსული მედიის ცნობით, საბა კვირკველია „ლოკომოტივში“ სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადავა, თუმცა მოსკოველებს მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც ექნებათ.

შეგახსენებთ, „რუბინიც“ და „ლოკომოტივიც“ რუსული პრემიერლიგის ცხრილის შუაში, მეცხრე-მეათე ადგილებზე არიან - ორივეს 23-23 ქულა აქვს.

დავძენთ იმასაც, რომ „ლოკომოტივს“ ახლა ცნობილი რუსი სპეციალისტის იური სიომინი წვრთნის, რომლის თავკაცობით ადრე არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია რკინიგზულ კლუბში - ზაზა ჯანაშიას, მალხაზ ასათიანსა და მიხეილ აშვეთიას.

მსგავსი სიახლეები