მილანი: ინსინიე და ვარსკვლავები

იტალიური მედიის ცნობით, „მილანის“ მომავალმა დირექტორებმა, მასიმო მირაბელიმ და მარკო ფასონემ „ნაპოლის“ ლორენცო ინსინიეს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ ნეაპოლელებმა იტალიის ნაკრების გარემარბის ტრანსფერი იმწუთასვე იუარეს.

მოგეხსენებათ, 3 მარტს ჩინური კონსორციუმ SES „მილანის“ აქციათა სრულ საკონტროლო პაკეტს ოფიციალურად გადაიფორმებს, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კი სწორედ ზემოხსენებული მირაბელი და ფასონე იაქტიურებენ, რომლებიც „როსონერის“ ამჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანის ჩაანაცვლებენ.

გავრცელებული ცნობით, „მილანი“ ზაფხულში არაერთი ვარსკვლავით გაძლიერდება, რადგან ჩინელებს საამსაქმოდ 250 მილიონი ევრო აქვთ გადადებული.

თავდამსხმელები ანდრეა ბელოტი („ტორინო“), სერხიო აგუერო („მანჩესტერ სიტი“) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი („ბორუსია“), ნახევარმცველები სესკ ფაბრეგასი („ჩელსი“), მარკო ვერატი („პარი სენ ჟერმენი“), ლორენცო ინსინიე („ნაპოლი“) და ხავიერ პასტორე („პარი სენ ჟერმენი“), მცველები დანიელე რუგანი („იუვენტუსი“), ვიქტორ ლინდელოფი („ბენფიკა“) - ეს იმ ფეხბურთელთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა გადაბირება მირაბელის და ფასონეს ზაფხულში სურთ.

ერთი, რაც აქედანვე ნათელია, ის გახლავთ, რომ „მილანის“ მომავალ მფლობელ ჩინელებს მწვრთნელად ვინჩენცო მონტელას დატოვება სურთ, მაგრამ მონტელას იქვე მიანიშნეს, გუნდი საკმარისად კი გაძლიერდება, მაგრამ ამჟამინდელი შემადგენლობიდან ვიღაცებს წასვლა მოუწევთო.

მოკლედ, ვინ წავა „მილანიდან“ და ვინ მოვა, რამდენიმე თვეში შევიტყობთ - ფაქტი ერთია, ზაფხული „როსონერისთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის ცხელი იქნება.

მსგავსი სიახლეები